logo
ENG



"ცხედარი დამარხეს, მანქანას შლიდნენ"- ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

23 მაი 202300:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/23/a3cib03kvjsh7mq.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს, ცხედარი ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ავტოფარეხში მანქანის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის - 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს.

ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა. -ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა